თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ Pro V&V-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები წარმოადგინა, რომელთა თანახმად საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული აპარატები გამართულად მუშაობდა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითს, დეზინფორმაციას თუ კითხვას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობს.
„უბნის გააქტიურების შემდეგ, თითოეული ვერიფიკაციის აპარატი შეიცავს მხოლოდ ამომრჩევლის სიას, რომელიც მან უნდა ამუშავოს არჩევნების დღეს. ის არ შეიცავს სრულად ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა სიას, ის არის გამიზნული კონკრეტული უბნისთვის და მას აქვს წვდომა მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩევლის სიასთან“, - განაცხადა ProV&V-ს დირექტორმა ჯეკ კობიმ.
შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.
კომპანია Pro V&V ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აშშ-ში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.
ცესკოში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებიც. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელა.
კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველი დირექტორის, ფრანს გუნნინკის თქმით, საარჩევნო უბნების წევრები კარგად იყვნენ გადამზადებული და შეუფერხებლად მუშაობდნენ.
„მთელი დღის განმავლობაში პირადად ვაკვირდებოდი საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე, რომელიც გახსნის ასევე დახურვის პროცესს მოიცავდა და მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო უბნების წევრები კარგად იყვნენ გადამზადებულები, მათ ძალიან კარგად იცოდნენ როგორ ემოქმედათ შეფერხებების ან მოულოდნელად განვითარებული მოვლენების დროს და ამ ყველაფერს ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი როგორც მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელიც სავსებით გასაგებია და ეჭვს არ უნდა იწვევდეს ტექნოლოგიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში.
დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.
„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,92%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).