საარჩევნო უბნებთან ჩხუბი გახშირდა - ვინ ახდენს პროვოცირებას?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე თბილისსა და მარნეულის საარჩევნო უბნებთან მასობრივი დაპირისპირების ორგანიზებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ჩხუბი მოხდა თბილისში - გლდანის №60 და ისნის №51 საარჩევნო უბნებზე, ქალაქ ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანზე და სოფელ ყიზილაჯლოს №74-ე უბანზე. გარდა ამისა, ყიზილაჯლოში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
„ბოლო 1,5 საათის განმავლობაში ისნის ტერიტორიაზე 30-კაციანი ჯგუფი გადაადგილდება. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფებ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ხვდებიან ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, პროვოკაციებს აწყობენ იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფები",- განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა მომხდარს „ზონდერების და ტელეზონდერების“ მონაწილეობით დადგმული სპეცოპერაცია უწოდა.
ის, რომ ყოველივე ეს ორგანიზებული პროვოკაციაა, მდინარაძის თქმით, მოწმობს ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" ტელეწამყვანის სიტყვები: „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნები წაგებულია და პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობაზე გადავიდნენ. ძნელი წარმოსადგენია ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად.
მისი თქმით, დღეს „მთავარი არხი" და „ფორმულაც" კი არ იქცევა ისე, როგორც „ტვ პირველი". ყველა მათგანი წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიაა, რომელსაც მხარს უჭერენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა.
„პოლიციამ უნდა დააშოროს „ძველი ბიჭების" და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან. მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ!“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.