თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
პრემიერმა საკუთარი არჩევანი ვაკის ოლქში შემავალ 27-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„დღეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; ეს არის რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის; ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას სთავაზობს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი. ჩვენი მოქალაქეებისგან ველოდებით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“,- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით. არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
არჩევნები ჩაითვლება შემდგარად ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.