ევროინტეგრაცია და კოალიციური მმართველობა: რას მისცეს ხმა ოპოზიციის ლიდერებმა?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების ლიდერების განცხადებით, მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მისცეს ხმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„ხმა მივეცი ცვლილებას, ევროპულ მომავალს, კოალიციური მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებსა და დანატოვარზე, წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანი და რაც მომავალი თაობების არჩევანია - ეს არის ევროპა!", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია გირჩი, დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და ამას, მისი თქმით, აუცილებლად იზეიმებენ.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ამომრჩევლებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ქვეყნის „ნორმალურ მდგომარეობაში“ დაბრუნებას, რაც მის თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებას გულისხმობს.
მისი თქმით, ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგების ადეკვატურად და ობიექტურად ასახვა.
„მოვუწოდებ ყველას შეწყვიტოს ეს ოცნებები. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ოცნება და გადავიდეთ საქმეზე და რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ ქვეყანა ევროპული გაერთიანების გზაზე“, - განაცხადა გახარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგად ქვეყანას კოალიციური მთავრობა უხელმძღვანელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას, კოალიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას, რაც უმოკლეს ვადებში ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხმა მისცა საქართველოში რეალური რეფორმების განხორციელების დაწყებას.
„მე მივეცი ხმა რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დასაწყისს, როდესაც ამ ქვეყანაში დაიწყება რეალური რეფორმები, როდესაც ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე რიგები იმაზე მეტყველებს, რომ მოქალაქეებმა გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა არჩევნებში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 10:00 საათის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 324 197-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 9,27%-ია.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.