თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი უკვე განაცხადეს თავიანთი გამარჯვებისა და მათი კონკურენტების გამანადგურებელი დამარცხების შესახებ საპარლამენტო არჩევნებში.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
იმის შესახებ, რომ მეთერთმეტე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს გარანტირებული მყარი უმრავლესობა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ უკვე განაცხადა.
ამ ოპტიმიზმის მიზეზს მას არჩევნებში ამომრჩეველთა უპრეცედენტო აქტივობა აძლევს. ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის დროით 17:00 საათზე, ხმა მისცა 1768816 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,6%-ია.
„უნდა აღინიშნოს, რომ 3 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას, არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ.
თუმცა უბრალო უმრავლესობა „ოცნებისთვის“ საკმარისი არ არის. ამიტომ მან მოუწოდა მხარდამჭერებს, უკლებლივ ყველას, მივიდნენ უბნებზე და მისცენ ხმა, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
„თითოეული ამომრჩევლის ხმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტები მის „გამანადგურებლად დამარცხებას“ აანონსებენ.
„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება... ამ წუთას, გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ. დამაჯერებელ გამარჯვებას აღვნიშნავთ“, - განაცხადა ბრიფინგზე ოპოზიციური კოალიცია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა მმართველი პარტია უბნებზე არეულობების მოწყობაში დაადანაშაულა, რაც ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებას ისახავდა მიზნად.
„ეს ძალადობა ჩვენი გააქტიურების მთავარი მიზანი უნდა იყოს. ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება დღეს! “ - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს და მთლიანობაში უსწრებს მმართველ პარტიას, დარწმუნებულია ნიკა გვარამია, ლიდერი „კოალიციის ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.
ოპოზიციონერმა პირდაპირ მიუწოდა „ქართულ ოცნებას“ აღიაროს დამარცხება.
„შეეგუეთ მარცხს და დაიწყეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე. ყველანი არჩევნებზე, მეტი არაფერია დარჩენილი „ოცნების“ დამარცხებისთვის”, - განაცხადა გვარამიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ბოლო დროს მჭიდრო კონტაქტშია ოპოზიციასთან, ხოლო მმართველ ძალასთან დაპირისპირება აქვს, დარწმუნებულია, რომ დღეს ყველა მოგებული დარჩება.
„საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.