ცესკო: მარნეულის №69 საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად გამოცხადდა

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება „არჩევნების გაყალბების" მუხლით დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიამ მარნეულის №69 უბნის მონაცემები, სადაც ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოაცხადა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საუბარია სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ძველი სისტემით მიმდინარეობს. ვიდეოკადრებში ჩანს უცნობი პირი თუ როგორ მიდის საარჩევნო ყუთთან და მასში კონვერტებს ყრის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პირი, რომელიც კადრებში ჩანს, მათი პარტიიდან ადგილობრივი საკრებულოს წევრია, რომელიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას ახორციელებდა.
„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი", - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, კადრებში ჩანს, რომ პირი, რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა, პარტიის წარმომადგენელია, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რომელი პარტიის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება „არჩევნების გაყალბების" მუხლით დაიწყო.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მოუწოდა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
როგორც მან განაცხადა, მსგავსი ინციდენტები აზიანებს საარჩევნო გარემოს და საარჩევნო ინსტიტუტის რეპუტაციას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კამერების წინ ბიულეტენების ჩაყრა ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის და პირობა დადო, რომ ყველა პროვოკატორი დაისჯება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარს კატასტროფა უწოდა და პროცესის არაორგანიზებულობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დაადანაშაულა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.