თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი არჩევნები იმითაც არის გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას საქართველოსადმი გამოკვეთილი ინტერესები აქვს - ჩაითრიოს ქვეყანა ომში. „აგენტურის" გამარჯვების შემთხვევაში, იგი მყისიერად მიიღებს ამ დავალებას.
„ეს მოხდება მყისიერად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ანტაგონიზმთან და პოლარიზაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან. უნდა მოვახერხოთ, რომ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მან ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის მიზეზებიც დაასახელა.
„პოლარიზაციის საფუძველია ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ზრუნავს, ცდილობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ იმას, რაც უცხო ქვეყანას აინტერესებს. ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
საქართველოს მოსახლეობა დღეს პარლამენტის 150 დეპუტატს ირჩევს. მანდატები გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.