დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში - „ქართული ოცნების“ შეფასება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში გამოავლინა ისეთი დარღვევები მისსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიცაა ძალადობა და მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სიძულვილის კამპანია, კამპანიის ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია.
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები 1 ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეაჯამა.
ძალადობა და მუქარები
პაპუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ამოქმედდ ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქის“ კამპანია, რომლის მიზანი იყო საჯარო ადგილებში საქართველოს პარლამენტის წევრებზე თავდასხმების განხორციელება.
მისი თქმით, ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ დეპუტატებს და მათი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას და მუქარას აყენებდნენ არა ხელისუფლების პოლიტიკით აღშფოთებული რიგითი მოქალაქეები, არამედ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები.
„ქართულმა ოცნებამ“ ათი ასეთი ფაქტი დააფიქსირა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ცესკოში დარეგისტრირებულნი არიან როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თვალი დახუჭეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე პარტიული ნიშნით თავდასხმებზე.
სიძულვილის კამპანია
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პარტიული სია გამოაქვეყნა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მქონეებმა, სოციალურ ქსელებში ამ კანდიდატებზე თავდასხმები მოაწყვეს.
„ყველა მორალური ბარიერი მოიხსნეს. ნიღაბი ეთიკის ყველანაირად ჩამოიხსნეს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული ჩვენი სიის წევრებზე... მათთვის სულერთია ვის ეხება ეს, ეხება ეს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელსაც გუშინ ტაშს უკრავდნენ, თუ ეხება ეს ადამიანებს, რომელსაც ისინი შეიძლება მანამდე არ იცნობდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან ბულინგის, ზეწოლის, შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა ის, ვინც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპში გამოჩნდა.
„ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში შინაარსით ლიბერალური ფაშიზმი. ეს ის ხალხია, რომელიც სემინარებზე „power point“-ებით გვიმტკიცებენ, რომ სხვათა უფლებებისთვის ყველაფერს გადადებენ, მაგრამ როგორც კი ვინმე მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა არის, მზად არიან იმავე მომენტში, რომ ეს ადამიანი გაანადგურონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან მან ფაშიზმი უწოდა ბანერებზე წარწერების გადაფენას, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. მედია საშუალებები ავრცელებდნენ.
„ეს ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებდნენ მტრად და ამაზე დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა ახალისებს ასეთი სახის ტერორს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიძულვილის კამპანიის ნაწილი უწოდა მან იმ ფაქტს, რომ წალენჯიხაში ოპოზიციური პარტია „ახალის“ წევრმა და ერთ-ერთმა აქტივისტმა მანქანა დააზიანეს.
ამომრჩეველთა მოსყიდვა
პაპუაშვილმა ამომრჩევლის მოსყიდვა უწოდა ე.წ. პარტიულ ბანაკებს, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციურ პარტიებს ახალგაზრდები მხარდამჭერთა რეკრუტირებისთვის დაჰყავდათ.
ამომრჩეველთა მოსყიდვის კიდევ ერთ ნიმუშად პაპუაშვილმა შემოდგომის დასაწყისში ქალაქ წალენჯიხაში რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ასაწყობი საცურაო აუზი დაასახელა. საცურაო აუზი ადგილობრივ მოსახლეობას შეპირდა და დაამონტაჟა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ესეც ამომრჩევლების მოსყიდვაა გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია საერთოდ რომ ადამიანი, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონი არის, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, მაგრამ ამავე დროს ის, რაც გაიმეტა ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან მათ შორის, სარგებლობა იყო უფასო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის პარტიის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ამ შემთხვევაში კრიტიკის მთავარი ობიექტი იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას და ყველანაირად ეხმარება ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლაში.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პაპუაშვილის თქმით, ამაზეც ხუჭავენ თვალს, რადგან ზურაბიშვილთანაც და „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებული არიან.
პირველი დარღვევა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იყო ქარტიის შედგენა, რომელსაც 20-მდე ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, მათ შორის ოპოზიციური საარჩევნო რბოლის ლიდერები.
„მან ფაქტობრივად ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად, ამბობს რა რომ, ჩვენ არ გვაქვს უნარი მოქალაქეებს, რომ ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც 4 წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმისი ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება რაც გვინდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქარტიის ხელმოწერით ოპოზიციურმა პარტიებმა იკისრეს ვალდებულება არჩევნების შემდეგ გააუქმონ ის კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, უნდა გაატარონ რეფორმები სასამართლო, სამართალდამცავ და სხვა სფეროებში. ეს გეგმა უნდა განახორციელოს პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა ტექნიკურმა მთავრობამ და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ნათქვამია ქარტიაში
სპიკერმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ქარტია უცხოეთში ვიზიტების შემდეგ შეადგინა.
„ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქები, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და ამიტომ შეადგინა რამდენიმე პუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ.“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ქარტიაში, ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ისინი უნდა იყონ, ვინც დაემორჩილება უცხოელი ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობას მეორე დარღვევა უწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მან კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან გამართა.
„ის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს ... და ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მესამე დარღვევა უწოდა ზურაბიშვილის გეგმებს, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შექმნას საკოორდინაციო პლატფორმა, რათა დააკვირდეს რა მოხდება ამ დღეს. ამასთან, ზურაბიშვილმა დასძინა: „მერე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.
„ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს, თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არ გამარჯვება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მხრივ დარღვევებზე, რომელიც გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან გამოვლინდა. გიორგი გახარიას პარტიიდან ყველა საჯარო მოხელეს დაეგზავნა მეილები ერთი ტექსტით. პაპუაშვილის თქმით, შეუძლებელია რომ ეს მისამართები პარტიაში ჰქონოდათ. ასეც რომ ყოფილიყო, საქართველოში სულ 50 ათასამდე საჯარო მოხელე არის და წარმოუდგენელია ამდენი მოხელის მეილი ცალ-ცალკე შეეყვანათ.
„არის ეჭვი, რომ მათ პარტიაში თუ პარტიასთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ, რომ მათ გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის, მეილის მისამართები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ხელშეშლა
პაპუაშვილის თქმით, უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ხელს უშლიდნენ წინასაარჩევო კამპანიის ჩატარებაში, აზიანებდნენ პარტიის პლაკატებს და ბანერებს.
გარდა ამისა, სამმა ოპოზიციურმა არხმა კანონი დაარღვიეს და უარი თქვეს თავის ეთერებში „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების განთავსებაზე.
„ტვ პირველმა, „მთავარმა“ და „ფორმულამ“ – „ლელოს“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილმა ტელევიზიებმა 5.000.000 ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს და ამით, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს სხვა პარტიებთან შედარებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უცხოური ჩარევა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მიერ 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რასაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიაში ჩარევად აფასებს.
ყოველდღიურად საშუალოდ ხუთი სხვადასხვა უცხოელი აქტორი აკეთებდა განცხადებებს ან კომენტარებს და მოუწოდებდა ამომრჩევლებს არ დაეჭირათ მხარი „ქართულ ოცნებისთვის“. ეს განცხადებები მედიაში და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.
პაპუაშვილმა არჩევნებში ჩარევად შეაფასა ევროპარლამენტის 9 ოქტომბრით დათარიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ და ევროკავშირის 13 მინისტრის 21 ოქტომბრის განცხადებას, რომელიც ასევე აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ დღემდე ვერ გაარკვიეს, საიდან გაჩნდა ამ განცხადების ტექსტი, რადგან ის არ მოიპოვება რომელიმე ამ ქვეყნის ან დიპწარმომადგენლობის ოფიციალურ ვებგვერდზე. პირველმა ეს განცხადება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
„შინაარსობრივად რა თქმა უნდა ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ ემოქმედათ განწყობებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთი უცხოური ჩარევა უწოდა მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელიც თბილისის ცენტრში 20 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციასთან ერთად გამართეს.
„გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ 20 ოქტომბრის აქციაზე დაიხარჯა „ენჯეოების“ თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა და გარდა ამისა არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მათ შორის ამას აფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით.
მიკერძოებული დამკვირვებლები
პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არის დაკავშირებული ოპოზიციასთან - 36%. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება, განაცხადა პაპუაშვილმა.
„შემდეგი გახლავთ უკვე ენჯეოები, რომლებიც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეხება ოპოზიციას და მათ დონორებს. ამ შემთხვევაში, თვალის დახუჭვა არის არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ, უცხოურ ჩარევაზე“, - განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, რეაგირების გარეშე დარჩა ის ფაქტი, რომ დანიის მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-მა ჩაატარა, საბოლოო ჯამში პარტიული აგიტაცია აღმოჩნდა.
მოგვიანებით ანტიკორუფციულმა ბიურომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა.
„პარტიებისა და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „დემოკრატიის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, პარტიების „ხალხისთვის“ და „ახალის“ ლიდერები მონაწილეობდნენ.
პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები იგნორირებას უკეთებდნენ უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების განცხადებებს, რაც არჩევნებში ჩარევად უნდა შეფასდეს.
„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან გარკვეული ჯგუფი, ასე ვთქვათ, წახალისებული ენჯეოებისგან, არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი ლიდერი ეკა გიგაური, ასევე 2024 წლის ივლისში შექმნილი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე და რვა თანადამფუძნებელი როგორც დეკლარირებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები. მოგვიანებით ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა პრემიერ ირაკლი კობახიძის მოწოდება და არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სტატუსი მოუხსნა.
დეზინფორმაცია
პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტის ტალღას და დასავლეთის რეაქციას დეზინფორმაციული კამპანია უწოდა.
„რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კიდევ ერთ დეზინფორმაციას პაპუაშვილმა უწოდა 17 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.
კერძოდ, განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გააკეთა, რომ ათობით „ენჯეოს“ და მედიის სახელით სარჩელი შეაქვს.
„დღემდე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებული არის ეს კანონი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
არადეკლარირებული კამპანია
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ არიან ჩართულნი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში.
ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელიც 20 ოქტომბერს თბილისის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციასთან ერთად გამართეს.