უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენის გამარტივებული სერვისი შესთავაზეს

„გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის რეგისტრაციაც - დისტანციურად და ყოველგვარი შუამავლების გარეშე
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი სერვისის - „გონიერი კონტრაქტის“ საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
„უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება - მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ.
ასევე, „გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.
მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.napr.gov.ge.