თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით და თანამედროვე ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენებით გაიმართება.
საარჩევნო უბნები საქართველოში თბილისის დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლებს ექნებათ 12 საათი, რათა აირჩიონ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართონ. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, დეპუტატების ხელშია არა მხოლოდ კანონების მიღება, არამედ მთავრობის დამტკიცებაც.
საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისაგან შედგება.
დეპუტატი შეიძლება გახდეს 25 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს მინიმუმ 10 წელი.
დეპუტატებს პირველად არა შერეული სისტემით, არამედ მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) აირჩევენ. პარლამენტში შევლენ ის პარტიები, რომლებსაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების მინიმუმ 5% მისცემს ხმას.
კენჭისყრის დაწყებამდე 48 საათით ადრე და საარჩევნო უბნების დახურვამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნებში შესაძლო მონაწილეთა რაოდენობისა.
კენჭისყრის დღეს სატელევიზიო და რადიოეთერში აკრძალულია როგორც ფასიანი, ისე უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
მეტოქეები
არჩევნებში მონაწილეობს სულ 18 პარტია, აქედან ხუთმა თავის პარტიულ სიებში კოალიციის პარტნიორთა პარტიული სიები შეიყვანეს.
ამ ხუთიდან სამმა პარტიამ სახელწოდება შეიცვალა, რათა ამომრჩევლებისთვის გასაგები იყოს, რომ ისინი სწორედ ამ გაერთიანებას აძლევენ ხმას. პარტიებმა ამ ხრიკს იმის გამო მიმართეს, რომ არჩევნებში ბლოკების მონაწილეობა აიკრძალა.
საპარლამენტო არჩევნებში ძველი სახელწოდება შეინარჩუნა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელმაც თავის პარტიულ სიაში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ჩართო.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსსაც“ არ შეუცვლია სახელწოდება, თუმცაღა ამ არჩევნებში რამდენიმე ათეულ კონსერვატიულ პარტიასა და მოძრაობას წარმოადგენს. მათ შორის არის „კონსერვატიული მოძრაობა“/„ალტ-ინფო“, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე როგორც პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა.
წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა ასევე „ლელო საქართველოსთვის", „მოქალაქეები“, „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი". კოალიციის სახელწოდებაა „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს. გაერთიანების სახელწოდებაა „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა 48 პარტია და ორი პოლიტიკური ბლოკი, 2016 წელს - 19 პარტია და 6 ბლოკი, 2012 წელს - 14 პარტია და 2 ბლოკი, 2008 წელს - 9 პარტია და 3 ბლოკი.
კენჭისყრის პროცედურა
ერთადერთი პროცედურა, რომელიც საქართველოში ამომრჩევლებისთვის ჩვეულ რეჟიმში დარჩება, არის მარკირება (ფრჩხილზე სპეციალური სითხის დატანება, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ჩანს) და საარჩევნო უბნის შესასვლელთან მისი შემოწმება. დანარჩენი ყველაფერი ახლებურად ჩატარდება.
ამომრჩეველთა 90% ხმას მისცემს თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით პირის იდენტიფიცირება მოხდება, ხოლო შედეგებს ხმის მთვლელი აპარატი შეაჯამებს.
ამომრჩევლებს დაურიგდებათ ახალი ფორმატის ბიულეტენები, სადაც სასურველი პოლიტიკური სუბიექტის გასწვრივ არსებული წრე მარკერით უნდა გაფერადდეს. ბიულეტენი მოთავსდება სპეციალურ კონვერტში და ისე რომ ვერავინ ვერ დაინახოს ვის სასარგებლოდ არის მიცემული ხმა, შემდგომში მოთავსდება წამკითხველ აპარატში.
ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემას 3.508.294-დან 3.113.747 ამომრჩეველი შეძლებს.
დანარჩენი ამომრჩევლებისთვის პროცედურა ძველი დარჩა: ბიულეტენზე შემოიხაზება სასურველი სუბიექტის ნომერი, შემდეგ გადაკეცილი ბიულეტენი მოთავსდება კონვერტში, მერე კი ურნაში.
ძველებურად წარიმართება საარჩევნო პროცედურა უცხოეთში და მაღალმთიან რაიონებში.
გადასატანი ურნის მეშვეობით ხმის მიცემას 64.238 ამომრჩეველი შეძლებს. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან ვერ გადიან ან საავადმყოფოში იმყოფებიან.
უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირებს საარჩევნო უბანზე მისვლა მიუწევთ, მათთვის მოეწყობა სპეციალური კაბინები, სადაც იქნება განთავსებული ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ჩარჩო-ფორმა და გამადიდებელი ხელსაწყო - ლუპა.
რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტურ საცხოვრებელ რაიონებში (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი) არსებულ საარჩევნო უბნებს, აქ ბიულეტენები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იქნება დაბეჭდილი.
ყველაფერი ამომრჩევლების შესახებ
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ საქართველოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ხმის მიცემის უფლება არ გააჩნიათ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან.
წელს ხმის მიცემის უფლება ქვეყნის 135.922 ახალგაზრდამ მიიღო.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 ამას უცხოეთში შეძლებს. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან ან გაიარეს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულოში, ან საუბნო საარჩევნო კომისიაში.
2020 წელს ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 3.511.338 ამომრჩეველს, საიდანაც 66.217 იყო საზღვარგარეთ, 2016 წელს - 3.513.884 ამომრჩეველი ოყო (საზღვარგარეთ - 49.716), 2012 წელს - 3.613.851 (საზღვარგარეთ - 43.176 ) , 2008 წელს - 3.472.876 (საზღვარგარეთის ქვეყნებში - 35.188).
არჩევნები ჩაითვლება შემდგარად ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც ხმა 2.215.661-მა ამომრჩეველმა (60,8%) დააფიქსირდა. არჩევნების შედეგების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა რამდენიმე პარტიისგან შემდგარი კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ედგა სათავეში.
რამდენიმე წლის შემდეგ კოალიცია დაიშალა და ყოველი მომდევნო არჩევნებში ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იმარჯვებდა.
2016 წელს არჩევნებზე 1.825.054 ამომრჩეველი (48,9%) მივიდა, 2020 წელს კი - 1.992.891 (56,75%).
შედარებისთვის, 2008 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1.850.608 ამომრჩეველმა (53%) მიიღო.
საარჩევნო უბნები
საპარლამენტო არჩევნებისთვის 3111 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 67 - საზღვარგარეთ, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. საზღვარგარეთ ხმის მიცემა 42 ქვეყნის 53 ქალაქში იქნება შესაძლებელი.
გამონაკლისის სახით საქართველოში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნება: 12 ციხეში და ერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.
917 საარჩევნო უბანი აღჭურვილია პანდუსებით, ხოლო 348 უბანი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის.
ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი თბილისში გაიხსნება - 584, ხოლო ყველაზე ცოტა - ადიგენის საარჩევნო ოლქში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) - 16. ადიგენის რაიონში 15.418 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამომრჩეველთა და საარჩევნო უბნების რაოდენობა თვითმმართველ ქალაქებში:
თბილისი – 584 საარჩევნო უბანი და 1.031.143 ამომრჩეველი
ბათუმი – 90 საარჩევნო უბანი და 154.357 ამომრჩეველი
ქუთაისი – 72 საარჩევნო უბანი და 152.506 ამომრჩეველი
რუსთავი – 61 საარჩევნო უბანი და 106.310 ამომრჩეველი
ფოთი – 23 საარჩევნო უბანი და 40.512 ამომრჩეველი
დამკვირვებლები და მედია
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 64 საერთაშორისო და 102 ადგილობრივი ორგანიზაცია გაუწევს. საერთაშორისო დამკვირვებელთა რაოდენობამ ამჯერად 2008 წლის რეკორდი მოხსნა.
თითოეულ ადგილობრივ ორგანიზაციას შეუძლია უბანზე ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, ხოლო თითოეულ საერთაშორისო ორგანიზაციას შეიძლება ჰყავდეს ორი წარმომადგენელი, თარჯიმნის ჩათვლის გარეშე.
არჩევნების მიმდინარეობას პარტიული დამკვირვებლებიც დააკვირდებიან.
ხმის მიცემის პროცესის გაშუქებას 98 მედიასაშუალება გეგმავს.