ტრაგედია წალკის გზაზე - დაღუპულია ოთხი ახალგაზრდა

დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ დააკავა.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ოთხი ადამიანი დაიღუპა წალკასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 45 წლის მძღოლი მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულში ბრალდებული მძღოლი დაკავებულია.