საქართველოსა და სეიშელს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

მხარეებს შორის შესაბამის დოკუმენტს ხელი მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში მოეწერა.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
დოკუმენტს ხელი მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში მოეწერა.
საქართველოს მხრიდან შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო სეიშელის მხრიდან კი, ტრანსპორტის მინისტრმა ენტონი დერჟაკმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე.
„შეთანხმება ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და სეიშელს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.
დოკუმენტზე მუშაობა საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის 2014 წელს დაიწყო.
ICAN2024 მალაიზიაში 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან იგეგმება.