ქოლცენტრების საქმე: სამართალდამცველებმა სამი ობიექტი გაჩხრიკეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები სამ ობიექტზე ჩაატარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.
„მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით, აღნიშნავენ უწყებაში.
დღეს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობდა რომელიც სავარაუდოდ ქოლცენტრს უკავშირდებოდა.
ოჯახის უფროსმა ვალერი ტყეშელაშვილმა მედიას განუცხადა, რომ მათ საგანმანათლებლო კომპანიები აქვთ და ქოლცენტრებთან შეხება არ აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ ჩხრეკა მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირდება. ტყეშელაშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.