თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულის პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვაში დახმარების ფაქტზე 23 და 18 წლის მამაკაცები დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 22 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში დაშინებით ფულის გამოძალვის მიზნით ხელყუმბარა ისროლეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მანამდე დაზარალებულს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. დაკავებული ახალგაზრდები საზღვარგარეთ მყოფ პირებს გამოძალვაში დახმარებას უწევდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების მუხლებით მიმდინარეობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.