თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტიa „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე თბილისის მთავარ მოედანზე ათობით ათასი მხარდამჭერი შეკრიბეს და პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ მშვიდობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეებს შორის იყვნენ მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ორი ვაჟი - ცოტნე და ბერა.
ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობაში მონაწილეობდა. ბერა კი პარტიის ლიდერების გამოსვლების დასრულების შემდეგ სცენაზე გავიდა, დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ერთი სიმღერა შეასრულა.
საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს შორის იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები. დედაქალაქში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე რეგიონებიდან მხარდამჭერებიც ჩამოვიდნენ.
მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა მთელი თავისუფლების მოედანი, ასევე რუსთაველის გამზირისა და პუშკინის ქუჩის ნაწილი დაიკავეს.
„ყველაფერი დღესავით ნათელია - 26 ოქტომბერი კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. გიყურებთ და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მან ყველას მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“ და პირობა დადო, რომ ის და მისი გუნდი გაუმკლავდებიან საქართველოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას.
„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, კონსტიტუციის დონეზე ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ-პარტიებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის - ომისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და სატელიტი-პარტიები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს ოჯახური ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას, ასევე, ასახავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს ქვეყნის მთავარ კანონში.