პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლელ პოლიტიკოსებთან კონფრონტაციის მთავარი მიზეზი დაასახელა

ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, რაც ქვეყანაში „ეკონომიკურ კოლაფსს“ გამოიწვევდა, განაცხადა პოლიტიკოსმა
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი გახდა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა და საქართველოს ხელისუფლების დაპირისპირების მთავარი მიზეზი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შედიოდა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იყო ის, რომ სანქციების დაწესებაზე განვაცხადეთ უარი. ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, კაბინეტებში შეხვედრების შემდეგ მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ღიად ამ თემაზე არ საუბრობდნენ, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ „საქართველოს განადგურების ნაბიჯს ასე ადვილად ქართველ ხალხს ვერ მიჰყიდდნენ".
„ყველამ კარგად იცის, სანქციები რომ დაგვეწესებინა რა მოხდებოდა ამ ქვეყანაში. ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, რომელსაც ექნებოდა სამმაგი ეფექტი, ვიდრე ეს კოვიდპანდემიის დროს იყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ „თავქარიან მოთხოვნებს" რომ აჰყოლოდა, ეკონომიკური ვარდნა 18%-მდე იქნებოდა. ეს იყო მიზეზი საქართველოს შესახებ მიღებული ნეგატიური გადაწყვეტილებებისა, დასძინა სპიკერმა.
„ოპოზიცია ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყო კომფორტში იქნებოდა. ოღონდ მათთვის წითელი ხალიჩები დაეგოთ სხვადასხვა დედაქალაქში, ოღონდ ტაში დაეკრათ და მილოცვები მიეღოთ, მზად იყვნენ დაეწესებინათ სანქციები, შემოიღოთ სავიზო რეჟიმი, ჩაეკეტათ საზღვრები და ცა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის შედეგად ქვეყანა მიიღებდა ეკონომიკურ კოლაფსს და, დიდი ალბათობით, ომს ჩვენს ქვეყანაში.
„ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში იმისთვის, რომ შეასრულონ უცხოელი ბიუროკრატების მითითებები. ამას პირდაპირ ამბობენ, რომ უცხოელმა რაღაც გვითხრა და საქართველომ არ გააკეთა ისე, როგორც ეს მოთხოვნილი იყო. მათი მოსვლის შემთხვევაში ზედმიწევნით აპირებენ ყველა მოთხოვნის შესრულებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის სამიზნე გახდა. თავდაპირველად მიზეზი უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარის თქმა იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას.
მოგვიანებით, ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.