თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მობილური კავშირის უმსხვილესმა ოპერატორმა „მაგთიკომმა" 5G ტექნოლოგიის დანერგვისთვის სიხშირეები 15 წლით ვადით შეისყიდა, იუწყება კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
სამიდან ბოლო აუქციონზე ლოტების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 23.097,816 ლარი, საიდანაც ოპერატორმა სახელმწიფოს 30% უკვე გადაუხადა, ხოლო დარჩენილი 70%, აუქციონის პირობების მიხედვით, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
გარდა ამისა, 5G აუქციონზე „მაგთიკომი“ ასევე ერთი კომბინირებული ლოტის და ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 800 და 3410-3710 სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის ლიცენზიები მიენიჭა. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორს დაევალა, მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები.
ჯამურად, „მაგთიკომის“ მიერ ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულება 149.025, 808 ლარს შეადგენს.
ამასთან, 5G ქსელების აგებისას კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომისიამ პირველი აუქციონი 2023 წელს გამოაცხადა, მასში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ოპერატორი - Selfie Mobile, რომელმაც ლოტების ნაწილი მოიგო.
კომუნიკაციების კომისიამ აქტიური მუშაობა 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის აუცილებელი პარამეტრები და პირობები ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი პარტნიორი მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით დადგინდა.
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს შეყოვნებას და, კომუნიკაციების სექტორთან ერთად, სრულიად ახალ დონეზე გაიყვანს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.