თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თემქაზე ახლადგახსნილ პარკში მეწყერი წყალმომარაგების ცენტრალური მილის დაზიანებამ გამოიწვია, ნათქვამია თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის განცხადებაში.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში ახალი პარკის ოფიციალური გახსნის ცერემონია 20 ოქტომბერს გაიმართა. ავარია სწორედ პარკის ფერდზე მოხდა, რის შედეგადაც მიწის მასა საფეხმავლო ბილიკზე ჩამოწვა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეო სოციალურ ქსელში მყისიერად გავრცელდა.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი პარკი 25 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ-პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.
ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და დაირგო 75 000 სხვადასხვა სახეობის ნერგი.