თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მომავალში ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ში გაწევრიანებას მოისურვებენ, პარტნიორი სახელმწიფოს კრიტერიუმის ფილტრის გავლა მოუწევთ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.
მისი თქმით, უკვე შეთანხმებულია იმ სახელმწიფოთა სია, რომლებსაც გაერთიანების წევრობა სურთ.
„გაერთიანება შეთანხმდა პარტნიორი სახელმწიფოს მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე, და BRICS-ის შემდგომი გაფართოება ამ ფილტრის გავლით მოხდება. უკვე შეთანხმებულია 13 სახელმწიფოსგან შემდგარი სია, რომელსაც ჯერ არ გამოვაქვეყნებთ, ვინაიდან გვჭირდება მათთან გასაუბრება BRICS-ის სრულუფლებიანი წევრობისთვის მზადყოფნის ხარისხზე“, – თქვა უშაკოვმა.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა რუსეთში.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.