ქუთაისში 200-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით ჯამში იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 200-მდე დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში 800 ბინას აერთიანებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახების განსახლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ამ მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 ათას დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.