თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან ახალი საბაგირო დააკავშირებს

საბაგირო გზა დაახლოებით 5 წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანსა და თაბორის ქედს დააკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამ დროისთვის დედაქალაქში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე.
„საბაგირო გზა დაახლოებით 5 წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად პროექტის განხორციელებას გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზა ორსექციანი და 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1 ათასი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.
ახალი საბაგირო
გასულ კვირას კალაძემ, პრემიერ კობახიძესთან ერთად რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულებამ 50 მლნ ლარი შეადგინა.
საბაგირო აღჭურვილია 21 ერთეული 8-ადგილიანი გონდოლით. მარშრუტის სიგრძე 845,55 მეტრი, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 4 წუთია. საბაგირო გზა საათში დაახლოებით 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.