საქართველოში სამხედროებისთვის ქცევის ახალი წესები განსაზღვრეს

კოდექსის დარღვევისთვის სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება დაისაჯონ კანონით.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სამხედროები იმოქმედებენ სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დაამტკიცა.
ეთიკის კოდექსი უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურში აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარებას, სამხედრო დისციპლინის განმტკიცებას, სამხედრო სამსახურის მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის რისკების შემცირებას, კეთილსინდისიერების ამაღლებას, სამხედრო მოსამსახურის პატივის/ღირსების დაცვასა და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლებას.
ეთიკის კოდექსი სამხედრო მოსამსახურეს ავალდებულებს სამოქალაქო პირებთან ურთიერთობისას გაითვალისწინოს ცხოვრების წესის განსხვავებული ტრადიციები და თავისებურებები, იყოს თავაზიანი და მეგობრული.
ამასთან, კოდექსი კრძალავს სამხედროების უხეშობასა და ძალადობას სამოქალაქო პირების მიმართ, ასევე მუქარის, ირონიის, ჟარგონისა და ფამილარული ტონის გამოყენებას.
მოვალეობის აღსრულებისას სამხედრო პირს სამოქალაქო საზოგადოებაში ეკრძალება მოწევა, სატრანსპორტო საშუალებიდან საუბარი ან არასათანადო ქცევა.
გარდა ამისა, კოდექსში ცალკე არის გაწერილი სამხედროების მიერ სექსუალური შევიწროების აკრძალვა და მეთაურების ვალდებულება, რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე.
დოკუმენტის მიხედვით, კოდექსის დარღვევისთვის სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება დაისაჯონ კანონით.