ქართულმა ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გინების გამო გაფრთხილება მიიღო

წამყვანმა არათუ შეაჩერა სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, რისთვისაც პასუხისმგებლობა თავად მაუწყებელს ეკისრება, აღნიშნეს უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ტელეარხმა „სეზონი ტვ“ პირდაპირ ეთერში წამყვანის და მიწვეული სტუმრის შეურაცხმყოფელი და უცენზურო ლექსიკის გამო წერილობითი გაფრთხილება მიიღო, იუწყება კომუნიკაციების კომისია.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, საუბარია გადაცემაზე „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, რომელიც ეთერში 2024 წლის სექტემბერში გავიდა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემები 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას წარმოადგენს, შესაბამისად, კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 18:00-დან 23:00 საათამდე ეთერში არასრულწლოვანისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო 21:00 საათიან გადაცემაში, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონმდებლობა დაარღვია.
გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.
შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო პირდაპირ ეთერში, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, მაუწყებელი ვალდებული იყო გაეტარებინა ისეთი გონივრული ღონისძიებები, როგორებიცაა პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის მიერ სტუმრისთვის შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ხელშეშლა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანმა არათუ შეაჩერა სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ComCom-მა მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობა სრულად მაუწყებელს ეკისრება.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.