ცენტრალური გათბობის სისტემის მოსარგებლეთათვის გაზის საფასური ახლებურად გამოითვლება

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ცენტრალური გათბობის სისტემების მესაკუთრეებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის ახალი წესები განსაზღვრა.
მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის N27 დადგენილებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“.
ცვლილების თანახმად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული (ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა) თუ აღნიშნული მომხმარებელი ბუნებრივ გაზს მოიხმარს, ერთდროულად, ცენტრალური გათბობის საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოსარგებლე პირთათვის, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობა განისაზღვრება ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობიდან განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა.
იმისათვის, რომ ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა განხორციელდეს, საჭიროა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემა აკმაყოფილებდეს შემდეგ 2 პირობას:
ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მიერ მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით (განაწილების ლიცენზიატისთვის მისაღებ ფორმატში);
გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ცენტრალური გათბობის სისტემა უნდა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი.
ამასთან, მე-2 პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელზე შედგენილი შესაბამისი საეტაპო ოქმით ან საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობების ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდა 2025 წლამდე).
ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მოხმარების წილის გამოყვანის მოთხოვნით კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმით უნდა მიმართოს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ობიექტების სრული ჩამონათვალი, მათ მფლობელებისა და მოხმარების მიზნობრიობის (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო), ასევე მომარაგებული ფართობის მითითებით;
ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ჯამური ფართობის შესახებ ინფორმაცია;
ცენტრალური გათბობის სისტემის სქემა და მასზე დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველების გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებულ ობიექტებზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლებისა და მათი მოხმარების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია.