საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება და არჩევნები - ევროსაბჭოს სხდომის მთავარი გზავნილები

საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, განაცხადეს გაერთიანების უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ევროსაბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც დე ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში მ9იმდინარე პროცესებს, მათ შორის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანების მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე.
ამავე დროს, სამიტის შედეგების მიხედვით გამოქვეყნებულ დოკუმენტში საბჭო გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, „რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“.

„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროპული საბჭო „მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს, აღნიშნულია დოკუმენტში. ევროპული საბჭო მოელის, რომ „მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით", ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ძირითადი ბრალდებებია - არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.