თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. ოთხი წლის შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 500 მლნ დოლარს მიაღწევს, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, წლევანდელ რთველზე ღვინის ქარხნებმა 300 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ყურძენი ჩააბარა დაახლოებით 20 ათასმა ფერმერმა და ამით 450 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი; 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი; 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი; 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი; ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 2023 წლამდე 1,5 მილიონი ლარიდან 14 მილიონამდე გაიზარდა. 2024 წელს იგეგმება 16 მლნ ლარის დახარჯვა.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველომ საზღვრებს გარეთ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა პოლონეთში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და თურქეთში.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე გატანილ საქონელში ღვინო მესამე პოზიციას იკავებდა და მის წილზე მთლიანი ექსპორტის 4,3% მოდის. წლებია ქართული ღვინის მთავარი მყიდველი რუსეთია, 2023 წელს ამ ქვეყანაში 168,3 მლნ დოლარის 62,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 4,6%-ით მეტია.