ოპოზიცია საარჩევნოდ მღელვარების გაზრდას ცდილობს - დეპუტატი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სუსმა მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განაცხადა
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ მოქმედი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება გაიზარდოს, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულებები იქნება გამოყენებული. ამის მიზნად დესტაბილიზაციის კერების შექმნა დასახელდა.

„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი ძალისხმევა ამომრჩეველთან ურთიერთობაზე მიმართონ, მათი ძალისხმევა მიმართულია გარკვეული სიტუაციების შექმნაზე, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ეს მოიცავს როგორც ქვეყნით გარეთ გარკვეული ქმედებების დაგეგმვას, ისე ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას, რათა ხალხში ხელისუფლებს მიმართ მღელვარება და უკმაყოფილება გაზარდონ.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 16 ოქტომბრის განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ ყალბი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მოსალოდნელი გავრცელების მიზანია „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
სუსის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის.
აღნიშნული პროვოკაციის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.