თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
უწყების ცნობით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.
გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
4 ნოემბრიდან კი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
წელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა.