საქართველოს პრეზიდენტი არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და სუვერენიტეტს - პარლამენტის სპიკერი

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და ამას არც მალავს.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩართულია მმართველი ძალის წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არაკონსტიტუციური ქმედებაა და მისი ვიზიტები საზღვარგარეთ, სადაც ის ათანხმებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მოწყობას უცხოელ პოლიტიკურ ლიდერებთან, არის სუვერენიტეტის დარღვევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.
ქარტიის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა ჩატარდეს და ისინი ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„სალომე ზურაბიშვილი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ის ჩვეულებრივად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მგონი, ამას ყველა ხედავს და თვითონაც არ მალავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, პრეზიდენტი ასევე ჩართულია პრემიერობის კანდიდატის შერჩევაში.
„უფრო სწორად, მოაწერინა ხელი პარტიებს, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება, დაასახელოს კანდიდატი, რაც ანტიკონსტიტუციურია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ანტიკონსტიტუციური ქმედება უწოდა ასევე იმას, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მოწყობას უცხოელ ლიდერებთან ათანხმებს.
ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის ოქტომბრის დასაწყისში - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა განაახლა - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს ქმედებები არაკონსტიტუციურად ცნო, განაცხადა 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც არის ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა და ესეც კონსტიტუციის დარღვევაა პრეზიდენტის მხრიდან. ანუ, აბსოლუტურად გასულია ყველანაირი ჩარჩოდან“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო ევროპული ტურნეს დროს, სადაც იგი შეხვდა ევროპელ ლიდერებს, მიიღო პირობა, რომ თუ „ქართული ქარტია“ განხორციელდება და იქნება საერთო პოლიტიკური ნება, მაშინ „სწრაფად დავბრუნდებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ“ - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების კარზე.
ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებამდე წარადგინოს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს დაუდასტურონ თავიანთი ერთგულება „ქართული ქარტიისადმი“. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ტექნიკური მთავრობის წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არც პრეზიდენტის ქმედებები, არც „ქართული ოცნების" წინააღმდეგ არსებული დარღვევები ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშში არ მომხვდარა.
„ამაზე ყველაფერს თვალს ხუჭავენ, სამაგიეროდ, ტყუილი არის ხოლმე ჩაწერილი შიგნით. ეს პირდაპირ მანიშნებელია იმის და ნელ-ნელა უკვე ვრწმუნდებით, რომ დაგეგმილია 2020 წლის სცენარის გამეორება უფრო უხეში და მძიმე ფორმებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და ზოგიერთი სხვა ორგანიზაცია, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან და სასამართლოს მიერ აღიარებულია როგორც საარჩევნო მიზნების მატარებელი, ყალბი ანგარიშების დასადებად ემზადებიან.
ანტიკორუფციული ბიუროს მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ისე კამპანიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ისე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. მოგვიანებით ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა პრემიერ ირაკლი კობახიძის მოწოდება და არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სტატუსი მოუხსნა.
„ისინი ემზადებიან, რომ დადონ ყალბი ანგარიშები, იმისთვის რომ მისცენ საბაბი მღელვარებას ოპოზიციის მხრიდან. 2020-ის სცენარის გამეორება არის დაგეგმილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რევოლუციის მოწყობის მცდელობები
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სამჯერ სცადეს - 2020, 2022 და 2024 წლებში.
რევოლუციის მოწყობის პირველი მცდელობა 2020 წელს განხორციელდა. საუბარია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ჩაატარა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა, რითაც ისარგებლა „რადიკალურმა ოპოზიციამ“, გამოაცხადა რა ბოიკოტი და დაიწყო საპროტესტო აქციები.
საქართველოში რევოლუციის მეორე მცდელობა 2022 წლის ივნისში, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებდა და არ გაგზავნიდა ორგანიზებულად მოხალისეებს უკრაინაში, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა, აღასრულებდა საერთაშორისო სანქციებს.
2022 წლის ივნისში საქართველომ უარი მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და დაიწყო პროტესტის ტალღა. ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოდიოდნენ.
რევოლუციის მესამე მცდელობა საქართველოში 2024 წელს განხორციელდა. 15 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდეგ, ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვიდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს არის სწორედ იმის მტკიცებულება, რომ ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები იჭრებიან პოლიტიკაში, შესაბამისად, კანონი მათი დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ აუცილებელია.