თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც დეპუტატებმა თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ მთავრობის განკარგულებას ერთხმად დაუჭირეს მხარი, იტყობინება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარალელურად, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება განკარგულება თავდაცვის ძალების რიცხოვნობის შესახებ.
როგორც მიმდინარე წელს, 2025 წელსაც თავდაცვის ძალების რიცხოვნობა არ გადააჭარბებს 37 ათას ადამიანს. ამგვარად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
ეს შეზღუდვა არ ეხება სამხედრო მდგომარეობას, რეზერვისტებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებს.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.