თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–სექტემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 21,9%-ით შემცირდა და 2.528,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–სექტემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 452,7 | -65,6 |
იტალია | 422,4 | 10,1 |
აშშ | 414,8 | 30,3 |
გერმანია | 195,5 | 16,0 |
საბერძნეთი | 194,5 | 15,2 |
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 452,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,9%-ია.
სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2024 წლის სექტემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
იტალია | 49,6 | 13,5 |
აშშ | 49,0 | 17,7 |
რუსეთი | 35,8 | -40,0 |
გერმანია | 25,5 | 18,4 |
საბერძნეთი | 24,7 | 18,7 |
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის სექტემბერში 1,1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 283,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას აშშ-სა და იტალიას უთმობს.
სექტემბერში რუსეთიდან 35,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,6%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,4%-ით მეტია.
2024 წლის ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთში 272,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით მეტია.