კიდევ სანქციები? პრემიერს დასავლეთის მხრიდან პრაგმატული გადაწყვეტილებების იმედი აქვს

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, შეერთებული შტატები „ყურადღებით დააკვირდება“ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას კონტრპროდუქტიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი მომავალში უფრო პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა შეკითხვას დასავლური სანქციების შესახებ, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები უარყოფითად შეაფასებენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა რაოდენობა რეკორდს აღწევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დარეგისტრირებულია 64 საერთაშორისო ორგანიზაცია, რამაც 2008 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნების მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.
„ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება თეორიულად ფიქრობდეს საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც, პირიქით, უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდა ორი მაღალი რანგის პოლიციელი.ადამიანები, რომლებიც იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, არ უნდა დაუშვან მსგავსი შეცდომები, დასძინა მან.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„ასეთი შცდომები, არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, შეერთებული შტატები „ყურადღებით დააკვირდება“ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.
ბრიფინგზე მილერს კითხვა დაუსვეს, იგი იზიარებს თუ არა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას შეუძლია არჩევნების შედეგების გაყალბება საქართველოში.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით", - განაცხადა მილერმა.
დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი პირდაპირ უწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს.
ხელისუფლების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
ძირითად ბრალდებებს შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელება.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვა გახდა რეზონანსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსი კანონმდებლობა დასავლურ ფასეულობებს არ შეესაბამება, მაგრამ რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.