თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ევროპაში თავაწეული შევა და ასევე მოხვდება მდიდარი ქვეყნების სიებში იმ პირობით, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული ტემპები შენარჩუნდება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამა ზუგდიდელ ამომრჩეველს წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე, რომელშიც საქართველო უდავო ლიდერია და საზოგადოებას გააცნო საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება.
„საქართველო მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და ხელგაწვდილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული გაერთიანებული ოჯახის წევრი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა გაიხსენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2029 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ 12,9 ათას დოლარს გადააჭარბებს.
„თუ პროგნოზირებული ზრდის ტემპი შენარჩუნდება, თუ კიდევ ერთ წელს დავამატებთ, რადგანაც სსფ-მა კვლევა 2029 წლამდე ჩაატარა, მაშინ 2030 წელს ის 14 ათას დოლარს გადააჭარბებს და დიდი ალბათობით, (საქართველო – რედ.) გახდება მაღალი შემოსავლის სტატუსის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" სწორ გზას ადგას ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზიც.
ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2029 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ათწლიანი ზრდის ტემპებით, საქართველო მსოფლიოს პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს და ევროპის უდავო ლიდერი გახდება.
ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2029 წელს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპის ათწლიანი პროგნოზის მიხედვით, საქართველოც მსოფლიოში პირველ სამეულშია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 94 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ანუ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის მსყიდველობითუნარიანობა 107,4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს და 1,4 მილიარდი დოლარით გადააჭარბებს ლუქსემბურგის მაჩვენებელს.
2029 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით უფრო დიდი იქნება, ვიდრე ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის ეკონომიკა: ლუქსემბურგი, ლატვია, ესტონეთი, კვიპროსი, მალტა და ისლანდია. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 131 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი.