თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა არსებული შანსები ვერ გამოიყენეს, ამიტომაც ალბანეთთან მატჩში გულდასაწყვეტი მარცხი ვიგემეთ, განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
14 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა - მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
„დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს, თუმცა გასათვალისწინებელია დადებითი ასპექტებიც.
„იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, წინ მსოფლიო ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლია", - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
მისი თქმით, ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სხვა ტაქტიკური ვარიანტები.
„ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ამიტომ სათადარიგოებში შემტევი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად დაგვრჩა. ეს მათი კრიტიკა არ არის. ქოჩორაშვილის პოზიციაზე სხვა მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევაგუოთ - ამის გამო, სხვა ტაქტიკას და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ", - განაცხადა სანიოლმა.
რაც შეეხება მინდორზე ჟორჟ მიქაუტაძის გამოსვლას, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ფორვარდი მხარდაჭერას საჭიროებს, რადგანაც „ლიონში" სანაკრებო თამაშებში მის მონაწილეობას არ წყალობენ.
მიქაუტაძე ოქტომბრის ორივე მატჩებზე ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო, როგორ უკრაინასთან (1:0), ისე ალბანეთთან.
გუშინ პარალელურ მატჩში უკრაინისა და ჩეხეთის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრე ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამგვარად, B1 ჯგუფში მდგომარეობა ასეთია: ჩეხეთი – შვიდი ქულა, საქართველო – ექვსი, ალბანეთი – ექვსი, უკრაინა – ოთხი ქულა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს ბათუმში, 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ, 19 ნოემბერს კი ჩეხეთთან გასვლით მატჩს გამართავს.