მიიღებს თუ არა მოქალაქე არჩევნებში მონაწილებას ვადაგასული პირადობის მოწმობით

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა- ID ბარათი ვადაგასული აქვს, მას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტითაც შეეძლება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და რომელსაც აქვს ვალიდური პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი წარადგენს ვადაგასული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ძალადაკარგულ საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ მოწმობას კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
„ამომრჩევლის ვერიფიკაცია ახლა უკვე ელექტრონულად ხდება. ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის წამკითხველ ზოლში ხდება ელექტრონული პირადობის მოწმობის ჩამოტარება, რამდენიმე წამში ამოსდის ამომრჩევლის მონაცემები ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე და რეგისტრატორი ახდენს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, თავად ამომრჩევლის და აღნიშნული აპარატის ეკრანზე ამოსული მონაცემების შესაბამისობას“, - განმარტა იოსელიანმა.
ამის შემდეგ კეთდება მარკირება, ამოიბეჭდება ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან, რომელზეც ამომრჩეველი აწერს ხელს, რაც ადასტურებს იმას, რომ ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ მოქალაქე საარჩევნო უბანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტით გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაში ვერიფიკაციის აპარატში მონაცემებს რეგისტრატორი ხელით შეიყვანს.
იოსელიანის განმარტებით, ვერიფიკაციის აპარატს აქვს ორი შესაძლებლობა: 1. ID ბარათის წამკითხველ ზოლში გატარება და 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის შემთხვევაში, პირადი ნომრის ხელით აკრეფა და აპარატში შეყვანა. ორივე შემთხვევაში ნაბეჭდი ფურცელი და დატანილი ინფორმაცია არის იდენტური. როცა ტრადიციული წესით ხდებოდა კენჭისყრაში მონაწილეობა, ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელით მოწერით. თავად ეს ერთიანი სია, კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი, ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატში.
რაც შეეხება იმ სიტუაციას, თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი ვალიდური აქვს, იოსელიანის განცხადებით, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის.
„თუ მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატში გაატარა ID ბარათი, შემდეგ რა დროსაც არ უნდა მოვიდეს და თუნდაც მეორე ცდაზე ხელით შეიყვანონ უნიკალური პირადი ნომერი, აპარატი გამოსცემს მაღალ სიგნალს და ეკრანზე ინფორმაციას, რომ ორმაგ ვერიფიკაციას აქვს ადგილი და აღარ გადაჰყავხარ სხვა ეტაპზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
როგორ ჩატარდება კენჭისყრა?
ერთადერთი პროცედურა, რომელიც საქართველოში ამომრჩევლებისთვის ჩვეულ რეჟიმში დარჩება, არის მარკირება (ფრჩხილზე სპეციალური სითხის დატანება, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ჩანს) და საარჩევნო უბნის შესასვლელთან მისი შემოწმება. დანარჩენი ყველაფერი ახლებურად ჩატარდება.
შემდეგში ამოქმედდება ახალი ტექნოლოგიები: საარჩევნო უბანზე აღარ იქნება ამომრჩეველთა ქაღალდის სიები და ყველა ინფორმაცია იქნება შენახული სპეციალურ მოწყობილობებში ჩიპების წამკითხველით.
ამომრჩეველს რეგისტრაციის გასავლელად დასჭირდება მხოლოდ ახალი ფორმატის პირადობის მოწმობა ან ჩიპით აღჭურვილი უცხოური პასპორტი.
რეგისტრაციისას ჩიპს წაიკითხავს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც დაბეჭდავს სპეციალურ ქვითარს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემებითა და ფოტოთი.
ამომრჩეველი ამ ჩეკს ბიულეტენის მიღების შემდეგ ხელს მოაწერს. რეგისტრატორები ჩეკს მოათავსებენ სპეციალურ დალუქულ ყუთში და ამომრჩეველს გადასცემენ ბიულეტენს საქაღალდეში.
ბიულეტენიც ახალი ფორმატის იქნება: ის აღჭურვილი იქნება „QR კოდით“ და ხმის მიცემის მაგალითით.
მხოლოდ ტესტის ჩაბარების შემდეგ, თუ როგორ უნდა სწორად შეავსოს კენჭისყრა, ამომრჩეველს შეეძლება მისი მიტანა კენჭისყრის კაბინაში საქაღალდესთან ერთად, რათა უზრუნველყოს ხმის მიცემის საიდუმლოება.
ხმის მისაცემად ამომრჩეველს მოუწევს სპეციალური მარკერის გამოყენება სასურველი პარტიის სახელის მოპირდაპირედ წრის გასაფერადებლად.
კენჭისყრის პროცედურა, როგორც ადრე, ფარული იქნება და კომისიის არცერთ წევრს არ აქვს უფლება, ამომრჩეველს მიუთითოს, ვის მისცეს ხმა.
მას შემდეგ რაც ამომრჩეველი მიუთითებს სასურველ პარტიას ბიულეტენში, ის საქაღალდეში ათავსებს ბიულეტენის იმ ნაწილს, სადაც წარმოდგენილია პარტიების სია, ღიად ტოვებს მხოლოდ „QR კოდს“ და ბიულეტენის სატესტო ნაწილს და მიდის საარჩევნო ურნასთან.
ამჯერად საარჩევნო ურნებიც იქნება მოდიფიცირებული და კონვერტში ჩადებული ბიულეტენის ყუთში ჩაგდების ჩვეული პროცედურა აღარ იარსებებს.
ამომრჩეველმა უნდა გადააბრუნოს საქაღალდესთან ერთად ბიულეტენი ისე რომ QR კოდი აღმოჩნდეს ქვემოთ და მიიტანოს ბიულეტენების მიმღებ აპარატთან. მოწყობილობა მიიღებს ბიულეტენს და შემდეგ მის ეკრანზე გამოჩნდება წარწერა „ხმის მიცემა დასრულებულია“. აპარატი არ მიიღებს დაკეცილ ან დახეულ ბიულეტენს.
ცესკოს ინფორმაციით, თავად კენჭისყრის პროცედურა, უბანზე შესვლის მომენტიდან კენჭისყრის პროცედურის დასრულებამდე, 45-დან 60 წამამდე გრძელდება.