ღვინის აკვნად წოდებულ არქეოლოგიურ კომპლექსში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილ გორაზე, სადაც მსოფლიოში ღვინის უძველესი კვალი იქნა აღმოჩენილი, არქეოლოგიური ზონის დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, მოეწყო გადახურვის კონსტრუქციის საყრდენი სვეტებისთვის საძირკვლები; სვეტებზე დამონტაჟდა ლითონის ფერმული ტიპის გადახურვის კონსტრუქცია, რაზეც მოეწყო პოლიკარბონატის ფილები, ხოლო ლითონის კონსტრუქციაზე - დაკიდული პანდუსი შეფიცვრით და მოაჯირით; დამონტაჟდა შიდა და გარე ელექტროგაყვანილობა.
უწყების ცნობით, არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა უკვე შესაძლებელია ფერმებზე დაკიდებული საფეხმავლო პანდუსის საშუალებით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის" ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა'' ქვეყანაში 2014 წლიდან ტარდება. პროგრამა ქართული ყურძნის ჯიშებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე — გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.
გადაჭრილ გორაზე ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2023-2024 წლებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მლნ ლარზე მეტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - „ნიუ კონსტრაქშენმა“ განახორციელა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ანალიზისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის უნივერსიტეტში გაგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა. იგი ავლენს მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოს ღვინის აკვნად წარმოაჩენს.
არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი.