ტრაგიკომედიის ჟანრია - „ქართული ოცნების“ რეაქცია პრეზიდენტის განცხადებაზე

ამ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ფუჭია, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების თემა ტრაგიკომედიის ჟანრი მიეკუთვნება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგი მცდელობა, შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიციურ ველზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებამდე წარადგინოს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს დაადასტურონ თავიანთი ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ტექნიკური მთავრობის წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.
„რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის თემას, ეს არის ტრაგიკომედიის ჟანრი, უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუჭია“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხს მოსახლეობა არჩევნებზე გასცემს.
„აი, ამ ყველაფერს, ამ სიბეცეს, საზოგადოების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას პასუხი გაეცემა 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა მან.
კონსულტაციები პრეზიდენტთან
ბოლო დროს ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.
ქარტიის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა ჩატარდეს და ისინი ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ზურაბიშვილმა „ქართული ქარტია“ წარმოადგინა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ქარტიას ხელი მოაწერეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებზე ოთხი კოალიციის შემადგენლობაში მიდიან.
სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ქართულ დიასპორას შეხვდა.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო ევროპული ტურნეს დროს, სადაც იგი შეხვდა ევროპელ ლიდერებს, მიიღო პირობა, რომ თუ „ქართული ქარტია“ განხორციელდება და იქნება საერთო პოლიტიკური ნება, მაშინ „სწრაფად დავბრუნდებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ“ - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების კარზე.
პრეზიდენტის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით უკვე დაუჭირა მხარი „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ინიციატივა სრულად შეესაბამება „ქართულ ქარტიას“.
ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერად? რეაქცია ოპოზიციონერის ინიციატივაზე>>
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამაც დაადასტურა „ქართული ქარტიისადმი“ ერთგულება. მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მზად არის კონსულტაციების გასაგრძელებლად.
იმავდროულად, პარტია „ლელოს“ ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ტექნიკური მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე საუბარი მხოლოდ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ღირს.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.