ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ელჩი თეა წულუკიანს მინისტრობის დროს თავის პირობებს უყენებდა

საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მას მეორე დღესვე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ, განაცხადა პოლიტიკოსმა.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრობის დროს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი მის მუშაობაში ერეოდა, ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ელჩმა ყოფილ მინისტრს მიაწოდა იმ ადამიანების მოკლე სია, რომლებიც მას უნდა დაეფინანსებინა. მისი თქმით, მასში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით აკრიტიკებდნენ როგორც თავად წულუკიანს, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობას.
„ელჩმა გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, რომ „მე მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“. ეს იყო ძალიან პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ, დღეს რომ ყვირის და იყო უკმაყოფილო ჩემი მმართველობით და ახლა უკვე „ქართული ოცნებით“, ყველა იყო ამ სიაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ექს-მინისტრის თქმით, მან აუხსნა დიპლომატს, რომ ამას ვერ გააკეთებდა, რომ ხელისუფლებისთვის ცალკეული ადამიანების დაფინანსებაზე უფრო მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის სახსრების გამოყოფა, რადგან „ქართული კულტურა მხოლოდ ეს 5-6 ადამიანი არ არის, ის არის გაცილებით უფრო ფართო“.
„როდესაც მე ვუთხარი, რომ თქვენს სიაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც მაგალითად ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ის გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ, რომ „თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ საუბარი კიდევ უფრო დაძაბული გახდა და დიალოგი ამით დასრულდა.
„ამით ვცდილობ, აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ - კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ეს ამბავი საჯარო პირველად მოყვა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დიპლომატი არ იყო საფრანგეთის ელჩი.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მას მეორე დღესვე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ.
„და ეს იქნება სწორი, ვინაიდან ამას ითვალისწინებს სწორედ ვენის კონვენცია, სადაც დიპლომატებს უწერიათ ადგილ-სამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქცევის წესები, რაც ამ შემთხვევაში იყო დარღვეული", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვა გახდა რეზონანსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსი კანონმდებლობა დასავლურ ფასეულობებს არ შეესაბამება, მაგრამ რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.