საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა კიდევ გაიზარდა

სოციალურად დაუცველი ოჯახების უმრავლესობა დედაქალაქში ცხოვრობს
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა წლის დასაწყისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 3,5%-ით გაიზარდა და 126,97 ათასი შეადგინა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო შემწეობაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა 405 ოჯახით გაიზარდა და 26,7 ათასი შეადგინა - უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს 93 ათასი ადამიანი, მათგან 40,7 ათასზე მეტი - თბილისში.
ამასთან, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 454,2 ათასი ადამიანი შეადგინა - აქედან 253,2 ათასი ქალია.
შეჭირვებული მოქალაქეების საერთო რაოდენობიდან 245,2 ათასი არასრულწლოვანია, მათგან 48,8 ათასი 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი კიდევ 60,4 ათასი ადამიანი პენსიონერია.
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში (33 ათასი), ქვემო ქართლსა (21,3 ათასი) და იმერეთში (13,7 ათასი). ასეთი ოჯახების ყველაზე მცირე რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის (3,1 ათასი) და სამცხე-ჯავახეთის (3,1 ათასი) რეგიონებშია.
შემწეობის მიმღები ოჯახებიდან 41,3 ათას ოჯახში სამ წევრზე ნაკლები, ხოლო 19,6 ათასში - ექვს წევრზე მეტია.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულა და მეტია დახმარება. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (ზრდასრულები) - 16 წლამდე მოზარდის შემწეობა 200 ლარს შეადგენს.