საქართველო-ალბანეთის მატჩის გამო თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ქართველი გულშემატკივრებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება, თბილისის მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი 15 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, იუწყება თბილისის მერია.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ალბანეთი იქნება, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
„დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.
დაგეგმილი ღონისძიების გამო 14 ოქტომბერს შეიცვლება ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
კერძოდ, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

გარდა ამისა, თბილისის მეტრო და ავტობუსების ნაწილი 15 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

კერძოდ, მატჩის დასრულების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსები: N301, N306,N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397, 15 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შაბათს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩში უკრაინასთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა, ორშაბათს საღამოს კი ალბანეთს ხვდება.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ჩეხეთია 6 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს ალბანეთი და უკრაინა ინაწილებენ, რომელთაც თითო-თითო გამარჯვება აქვთ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.