თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკვე განსაზღვრა ის ცვლილებები, რომლებსაც გუნდის თამაშის ჩვეულ ტაქტიკაში შეიტანს.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ალბანეთი იქნება, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ქართველებმა მესამე ტური პოზნანში უკრაინასთან წაგებით დაიწყეს (0:1). ამ შეხვედრაში რვიდან ერთი ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც ამის გამო ალბანეთთან თამაშს გამოტოვებს.
„ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? - ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ალბანეთთან უკეთ დავიწყოთ მატჩი და დავალებები შევასრულოთ“, - განაცხადა სანიოლმა საგურამოში გუნდის ბაზის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ქართველმა ფეხბურთელებმა ცუდად დაიწყეს თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.
„იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება“, - განაცხადა მწვრთნელმა.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მისი არგამოძახების მიზეზი არა მხოლოდ დამღლელი მგზავრობაა შტატებიდან, არამედ ის, რომ მწვრთნელის სისტემასთან მორგება უჭირს.
„უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდშიც. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არ არის, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა“ , - განაცხადა სანიოლმა.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრები იგივე გუნდია, რომელმაც ევრო 2024-ზე წარმატებას მიაღწია.
„აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ", - თქვა ვილი სანიოლმა.
რაც შეეხება გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც უკრაინასთან მატჩს ფეხის ტკივილით ასრულებდა, მწვრთნელის თქმით, მოთამაშე მზად არის ალბანეთთან მატჩისათვის.
უკრაინასთან წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები 6 ქულით B1 ჯგუფში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ჩეხეთია 6 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს ალბანეთი და უკრაინა ინაწილებენ, რომელთაც თითო-თითო გამარჯვება აქვთ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.