საქართველოს იუსტიციის საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 6 არამოსამართლე, ხოლო 9 მოსამართლე წევრია. ერთ არამოსამართლე წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი; მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა კონფერენციის გზით შეირჩევიან.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მოსამართლეთა 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს, იუწყება „პირველი არხი“.
გადაწყვეტილება 270-მა მოსამართლემ მიიღო და თანამდებობაზე, ოთხი წლის ვადით ირაკლი ბონდარენკო, ქეთევან ცინცაძე და რეზო ნადარაია დანიშნენ.
ახალი წევრების არჩევა მოხდა მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება ამოეწურა სამ მოსამართლეს - ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიას და ლევან მიქაბერიძეს.
ცინცაძე საბჭოს წევრი ზედიზედ მეორედ გახდა. საბჭოს წევრად მუშაობის გამოცდილება აქვთ ირაკლი ბონდარენკოსა და რეზო ნადარაიასაც.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 6 არამოსამართლე, ხოლო 9 მოსამართლე წევრია. ერთ არამოსამართლე წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი; მოსამართლე წევრები კი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის გზით შეირჩევიან.