თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ზეწოლას განიცდიან, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღო, რომ უარი ეთქვათ არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ სამსახური და გაეკეთებინათ საჯარო განცხადება ამის შესახებ.
„სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
სამწუხაროდ, მისი თქმით, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
მსგავსი ტენდენციები ისედაც პოლარიზებულ გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებს და მთლიანობაში არჩევნების პროცესს აზიანებს.
„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას. აქვე მივმართავ იმ პირებს, თუ ჯგუფებს ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.