საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 23-დან 27 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანაში იმალებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფში" საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.