საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით 600 ჰა ფართობი დამუშავდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სააგენტოს ცნობით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს.
„ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წლის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 237.480 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 111.388 ჰა ფართობი, განთავსებულია 154.433 სპეციალური სადგური და 7.019 ფერომონიანი დამჭერი. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამინდის გაუარესებასთან ერთად აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ინაცვლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და სახლის პირობებში მექანიკური მეთოდები გამოიყენონ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე განახორციელდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.