თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გამოძიება უნდა დაინტერესდეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კვალით 2016 წელს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ პარლამენტის ექს-დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულმა დავით (დარჩო) ხეჩუაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ მას თარგამაძის თვალთვალი და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჰქონდა დავალებული. საქმეში ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ფიგურირებს.
„ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს“, - განაცხადა კობახიძემ.
გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო 5 გამვლელი სერიოზულად დაშავდა.
კობახიძემ არჩევნების წინ ხეჩუაშვილის დაბრუნებას საეჭვო უწოდა.
„დაგვეთანხმებით, უცნაურია, რომ პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და რომელსაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გონივრულია ვარაუდი, რომ ასეთ ნაბიჯზე ადამიანი მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს, აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე.
მსჯავრდებულის თქმით, რომელიც სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.
შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ჭიჭიაშვილის ჩვენების თანახმად, ჭიჭიაშვილმა მას უამბო, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრ გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.
თავის მხრივ ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.
ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს.
თარგამაძის თვალთვალის დროს ავტომობილს, ძირითადად, ხეჩუაშვილი მართავდა.
მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 4 ოქტომბერს მან ჭიჭიაშვილს ტელეფონით აცნობა, რომ თარგამაძე ორბელიანის მოედანზე (კოლმეურნეობის მოედანი) მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა.
მომხდარის შესახებ ხეჩუაშვილმა ჭიჭიაშვილს შეატყობინა, რის შემდეგაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა - იგი სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ხეჩუაშვილზე ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. 2017 წელს იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის თებერვალში ხეჩუაშვილი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ხეჩუაშვილი 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, როცა ე.წ. „მწვანე ზონის"გავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. 8 წლის მანძილზე ძებნილი პირი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო-სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
საქმის დეტალები
სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ხეჩუაშვილმა, რომელმაც თარგამაძის მკვლელობა თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა, დეპუტატის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
4 ოქტომბრის საღამოს თარგამაძე თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. მას შემდეგ, რაც ხეჩუაშვილი დარწმუნდა, რომ მანქანაში თარგამაძისა და მისი მძღოლის გარდა სხვა არავინ იყო, დაელოდა ვიდრე ავტომობილი ორბელიანის მოედნის მიმართულებით დაიძვრებოდა და ვეკუას ქუჩას მიუახლოვდებოდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.
პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეჩუაშვილმა საქართველო დატოვა.
თარგამაძეზე თავდასხმის საქმეში კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა ფიგურირებს, პოლიციამ მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, იგი იარაღისა და ასაფეთქებლის უკანონო შენახვისთვის დააკავა. 2017 წლის თებერვალში ჩაგუნავას პირობითი სასჯელი შეეფარდა 4 წლის ვადით და გათავისუფლდა საპატიმროდან.
იმ პერიოდში თარგამაძე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არჩევნების შემდეგ კი მან და პარტიის სხვა ლიდერებმა „ნაცმოძრაობა" დატოვეს და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჩამოაყალიბეს.
თარგამაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარი გამოძიება დაიწყო. იგი ამტკიცებდა, რომ გახდა რუსული სპეცსამსახურების სამიზნე, რადგან ეჭვმიტანილი იყო რუსეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. ერთ-ერთ ინტერვიუში თარგამაძემ განაცხადა, რომ ხეჩუაშვილი, შესაძლოა, ცოცხალიც აღარ არის.