2024 წლის მოსავლის ღვინო განსაკუთრებული იქნება - ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი

ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები ძალიან მაღალ დონეზეა, განაცხადა მეხუზლამ
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. 2024 წლის მოსავლის ღვინოები განსაკუთრებული იქნება, რადგან დაკრეფილი ყურძენი ძალიან მაღალი ხარისხისაა, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ „პირველ არხზე“ განაცხადა.
საქართველოში წლევანდელი რთველი დასასრულს უახლოვდება, ამ დროისთვის 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასზე მეტმა მევენახე-ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 450 მლნ ლარს მიაღწია - რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.
„2024 წლის რთველი ძალიან ბევრი ფაქტორით გამორჩეული იყო. ერთ-ერთი არის ის, რომ წლევანდელი რთველი უპრეცედენტოდ ადრე დაიწყო. გარდა ამისა, გამორჩეული იყო როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. ყურძენში ამდენი თანხა არასდროს გადახდილა, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს ყველაფერი მივა ფერმერების ოჯახებამდე“, - განაცხადა მეხუზლამ.
მეხუზლას თქმით, ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები ძალიან მაღალ დონეზეა და არაფრით ჩამოუვარდება არცერთ წამყვან ქვეყანას.
მისი თქმით, ძალიან მრავალფეროვანია ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგებს უწევს, რასაც შესაბამისი შედეგიც აქვს. კერძოდ, 2010-დან 2020 წლამდე გაშენდა ყველაზე მეტი, 18 ჰექტარი ვენახი.
„შესაბამისად, ის კრიზისი რომელიც იყო მე-20-ე საუკუნის ბოლოს, როდესაც ქართული ვენახი მცირდებოდა, აღარ არის. ახლა ვენახების ფართობმა 48 000 ჰა-ს გადააჭარბა. ჩვენი ჯიშების მრავალფეროვნება არის ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებდა. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო სუბსიდია მიიღო ყველა იმ კომპანიამ, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენდა და გადაამუშავებდა კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1,00 ლარისა გადაუხდიდა.
რაჭის რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.