თბილისი, 11ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ნეიტრალიტეტი და დაეშვა ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დონეზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერ გიგი უგულავას ინიციატივაზე პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილის დასახელების შესახებ.
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ პრემიერის თანამდებობაზე საუკეთესო ვარიანტად თავად ზურაბიშვილი დაასახელა.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, იგი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა", - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს.
„იგი პრეზიდენტობიდან დავიდა იმ დონეზე, რასაც ჰქვია, ტიპური, ჩვეულებრივი, არც თუ მაინცდამაინც ამბიციური პოლიტიკური ძალა. ის რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ქცევისგან აღარ გამოირჩევა არც თავისი რიტორიკით, არც საქმიანობით", - განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. ამასთან, როგორც მმართველი ძალა აცხადებს, ოპოზიციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ აგენტურად", „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.