ცესკო: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანს გახსნის. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
უწყების ცნობით, დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95.834-ს.
„ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ბერლინში; ესპანეთის სამეფოში – ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში – რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში – ათენსა და სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში – პარიზში", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთო ჯამში ამომრჩევლებს საზღვარგარეთის 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე - საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არ ჰქონდათ რეგისტრაცია, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გავლის ვადა 7 ოქტომბერს დასრულდა.
მანამდე ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65.508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი უწყებამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა დამატებით 30.326 ამომრჩევლისთვის დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი.
როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ან რომელთა რეგისტრაციის ადგილი დადგენილი არ არის.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.