თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და კლუბ „ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კვარაცხელიას ჯილდო „ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ მატჩამდე გადაეცემა, რომელიც 26 ოქტომბერს, ნეაპოლის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.
გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ უკან მოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“), კუტრონე („კომო„), დიმარკო („ინტერი“) და პულიშიჩი („მილანი“) არიან.
თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ექვსი ნომინანტი ანალიტიკური პლატფორმა Stats Perform-ის ანალიზის გამოყენებით შეირჩა.
აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც. ეს საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ბურთის გარეშე მოძრაობა, ასევე წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში, რაც თამაშის ობიექტური და ხარისხობრივი შეფასების საშუალებას იძლევა.
„კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთელი ჩვენი ლიგის სიმბოლოა. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც თავისი ხარისხიანი თამაშით ყოველთვის შეუძლია მატჩის შედეგის გადაწყვეტა", - დაწერა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
კვარაცხელია თვის საუკეთესო მოთამაშედ მეოთხედ დასახელდა და გაუთანაბრდა პაულო დიბალას, რომელსაც ოთხჯერ აქვს მოპოვებული აღნიშნული ჯილდო.
სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.